logo
ENG



"სუს-ის თქმით, პრო-EU პოლიტიკოსები გადატრიალებას გეგმავენ" - POLITICO-ს სტატია საქართველოზე

18 სექ 202316:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/18/euzav1vbi6y0yot.jpg
Vano Shlamov/AFP via Getty Images

სახელმწიფო "გადატრიალების" გეგმის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრალდებებზე POLITICO სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს მთავრობა მოსკოვთან კავშირებს აძლიერებს, ხოლო EU-ს შორდება.

მედია საუბრობს, უწყების ბრალდებაზე, რომ უკრაინაში მოღვაწე ქართველები "ევრომაიდნის" მოწყობას გეგმავენ, რათა ქვეყნის "სულ უფრო მეტად პრორუსული მთავრობა" დაამხონ - მათი თქმით, ეს განცხადება დროში ემთხვევა სტატუსთან დაკავშირებით EU-ის გადაწყვეტილების მოლოდინს.

გამოცემა წერს სუს-ში ჩატარებულ ბრიფინგზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, უწყების წარმომადგენელს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, მან სავარაუდო გეგმის ავტორებად კონკრეტული სახელი და გვარები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პირები დაასახელა. 

POLITICO ამ საკითხზე ესაუბრა ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ბრალდებები ორი ქვეყნის მთავრობას შორის არსებულ განხეთქილებას კიდევ უფრო გააღრმავებს.

"გადატრიალებაზე ეს ბრალდებები მმართველი პარტიის, ქართული ოცნების აბსურდული მცდელობაა, ქვეყანაში დაგეგმილი მომავალი წლის არჩევნების წინ, მორიგი დაკავებებისა და პოლიტიკური ოპონენტების შევიწროებისთვის აუცილებელი წინაპირობები შექმნან.

გადაწყვეტილება, რომ გადატრიალების ლიდერებად პრეზიდენტ ზელენსკის შეიარაღებულ ძალებში მთავარი ოფიციალური პირები დაესახელებინათ, ეჭვგარეშე გააღრმავებს ორ მთავრობას შორის უკვე არსებულ განხეთქილებას და დაადასტურებს ფართოდ გავრცელებულ ეჭვებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა სწრაფად ეშვება კრემლის კლანჭებში", - განაცხადა კეზერაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს. მათი განცხადებით, ამის საბოლოო მიზანი "ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა".

უწყების თანახმად, "დესტრუქციული პროცესების" დასაწყებად ეს კონკრეტული თარიღები იმიტომ შეარჩიეს, რომ ამ პერიოდში ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს. მათი თქმით, "სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი" გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა უარყოფითი იქნება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ გეგმის ავტორებად კონკრეტულ პირებს ასახელებენ - სუს საუბრობს საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილესა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძეზე, ასევე, მის დაქვემდებარებაში მყოფ ქართული წარმოშობის მქონე პირებზე, მათ შორის მამუკა მამულაშვილზე.


close დახურვა